„ჩვენ რომ კიდევაც არაფერი ვთქვათ, მსაჯულნო, თვით ჩადენილი ბოროტმოქმედება საკმარისია იმისათვის, რომ მის ჩამდენთ უდიდესი სასჯელი მიეზღოთ. მაგრამ თქვენი კანონების მიხედვით თვით აშკარა და უდიდეს უკანონო მოქმედებათა შესახებაც კი მიღებულია, განაჩენი არ იქნეს გამოტანილი, სანამ საქმე არ იქნება გარჩეული სიტყვიერი პაექრობის საშუალებით, და ამიტომ ჩვენ შევუდგებით საქმის ვითარების განმარტებას. ამრიგად, ჩვენ მიერ შესრულებული იქნება კანონით დაწესებული, თუმცა ჩვენი სიტყვა მარტივი და გაუმართავი იქნება და, შესაძლებელია, ჩადენილი ბოროტმოქმედების მნიშვნელობა მან ვერც კი გადმოგცეთ. რა გამართლება შეიძლება ვუპოვოთ იმათ, რომელთაც ისე შეუპოვრად მოკლეს ასეთი დიდებული კაცი, თქვენი მეგობარი და მოკეთე, მოკავშირე ომიანობის დროს და მშვიდობიანი ცხოვრებისა და ზავის დროს, უზენაესის შესახებაც თქვენნაირად მოაზროვნე და თქვენი წესების მიმდევარი, და რომელთაც უდიდესი მტრობა გამოიჩინეს თქვენ მიმართ, თქვენს მტრებს კი სამსახური გაუწიეს? მოკლული ხომ მეფე იყო, მსახულო, არა დაბალი გვარისა, და ვაჟკაცობით განთქმული, და რომაელთა საქმეებისათვის მუდამ იყო მკვლელებზე უფრო ერთგული.
უკუღმა დატრიალდა კოლხთა საქმეები და დაინგრა, განსაკუთრებით სახელმწიფო საქმეები, თუმცა ჩვენ ქვეშევრდომი სახელმწიფოს ერთ, არა უმნიშვნელო, ნაწილს შევადგენთ. თქვენც აღარა გაქვთ თავისუფალი და ურყევი მდგომარეობა და საგრძნობლად დაგისუსტდათ საკუთარი ძალ-ღონე. თუ სახელმწიფო ყოველმხრივ არ არის გამაგრებული და ერთს რომელსამე ნაწილში მოდუნებულია, ვეღარ იარსებებს წესიერად; პირიქით, ის თავის სახელწოდებასაც ტყუილა ატარებს, ვინაიდან ის მოკლებულია თავისუფალი არსებობის საშუალებას. რადგან ყველაფერ ამის ჩამდენნი ისინი არიან, ამიტომ გეუბნებიან: ამ – თუმცა საშინელს – საქმეს კი ნუ უყურებთ, არამედ მხოლოდ ის განზრახვა უნდა გამოიკვლიოთ და მხედველობაში მიიღოთ, რომლითაც ვხელმძღვანელობდითო; და უფრო ამჯობინებენ ზოგიერთი ბუნდოვანი – თითქოს სინამდვილის შესაფერისი – საბუთების საშუალებით დაგისახონ თავისი მოქმედება, როგორც თქვენ საკეთილდღეოდ ჩადენილი, ვიდრე აღიარონ აშკარა ზარალი, საქმისათვის მიყენებული. ასეთ ტყუილებს ყბედობდნენ ისინი ხშირად სასამართლოს დანიშვნამდე და ფიქრობდნენ, რომ ბევრს შეაცდენდნენ. თუ კი ისინი საქმის გარჩევის დროსაც ასეთსავე მოსაზრებებს წამოაყენებენ, დე იცოდენ მათ, მსაჯულო, რომ არც რომაელს და არც სამართლიანობას სჩვევია ასეთი ცხადი და აშკარად ჩადენილი უსამართლობა უყურადღებოდ დასტოვოს და თავი მოატყუებინოს ბუნდოვან მიზეზებს, რომლებიც უსაფუძვლოდაა მკვლელების მიერ შეთხზული. შეუწყნარებელია ამის ატანა: თვითონვე აშკარად ამბობენ, რომ მოკლეს ის კაცი, და თანაც სტყუიან, რომ ამით უდიდესი სარგებლობა მოუტანეს სახელმწიფო საქმეებს. როგორ თავდება მათ თავში ეს წინააღმდეგობა, ან როგორ შეგვიძლია ჩვენ, რომლებიც ამ საქციელს საზიზღარს ვუწოდებთ, შევაქოთ მისი ჩამდენი და ვთქვათ, რომ მისი მიზანი იყო სახელმწიფოსთვის სარგებლობა მოეტანა? იმთავითვე ხომ სარგებლობა და უკანონობა ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებს წარმოადგენენ, სიმხეცე და სამართლიანობა ერთიმეორეს დაშორებული იყვნენ და შეურევნელი, მათი ერთად არსებობა არასდროს არ ყოფილა შესაძლებელი.
თუ კი მათ ზრახვებს გავაშიშვლებთ და გამოვიკვლევთ, აქაც ისინი გამოჩნდებიან უბოროტეს მტრებად, სპარსელთა სასარგებლო განზრახვების მქონეებად; ასე რომ საკადრისიც არ არის ამ სისხლის მსმელებს რომაელების სახელით ვიხსენიებდეთ ან კეთილგანწყობილი ურთიერთობა ვიქონიოთ მათთან, როგორც თვისტომებთან; ისინი უნდა ჩავთვალოთ უკიდურეს მტრებად, რომლებიც ჩვენგან გამოთიშა ბუნების კანონმა, თუმცა ეს კანონი თქვენგან ხელმოწერილი არაა: მოწინააღმდეგესა და მტერს ხომ საქმის მიხედვით გამოიცნობ ადამიანი და არა სიშორის მიხედვით. ცხადია, მტრად უნდა ჩათვალო ის, ვინც იმას აკეთებს ხალისით, რაც მოწინააღმდეგეებს ესიამოვნებათ, თუნდაც ის შენთან იყოს და შენთან ერთად ლაშქრობდეს და ახლო ნათესაურ კავშირში იყოს შენთან. ეხლა: ისინი ამბობენ, რომ მოკლეს არა მეგობარი, არა მეფე, არამედ მტერი, ტირანი და სპარსელების მომხრე. კიდევ მეტი: ისინი ისეთ უსამართლობამდე მივიდენ, რომ განსვენებულს აბრალებენ მედიზმსაც : საბრალო! სიკვდილის შემდეგაც ვერ განთავისუფლდა უბედურებისაგან, და ეხლაც, როდესაც მას აღარ შეუძლია თავი იმართლოს, მოღალატეობაში ედება ბრალი. რომელი კანონი – თქვენი ან ბარბაროსებისა – მოიწონებს ასეთ მდგომარეობას, რომ ჯერ განაჩენი გამოუტანო ადამიანს და მერე წაუყენო ბრალდება? ისინი თვითონ არიან მსაჯულებიც, მტრებიც და ბრალმდებლებიც, ყველაფერი ერთად შეასრულეს და საქმის გაურჩევლად სრულიად უდანაშაულო კაცს ისეთი სასჯელი არგუნეს, როგორიც შეეფერებოდა მართლაც ტირანობაში გამტყუნებულს. ეხლა კი, როდესაც თავის გამართლება სჭირდებათ, მოდიან და ბრალსა სდებენ უსამართლოდ დასჯილ კაცს; სანამ მას მოჰკლავდნენ, საჭირო იყო, თუ კი ისინი დარწმუნებული იყვნენ ბრალდებათა სისწორეში, საქვეყნოდ მიეცათ ის სამართალში და თვით პირველნი გამოსულიყვნენ ბრალმდებლებად და არა ისე, როგორც ეხლა მოხდა: როდესაც ისინი თვით არიან ბრალდებულნი, საპასუხო ბრალდებას აყენებენ. თუ ეს ყველასათვის ნებადართულია, რა გვიშლიდა ხელს ჩვენც საკუთარი ხელით მოგვეკლა ეს სისხლისმსმელები? ჩვენც, სამართალში მიცემულნი, მათ, უკვე მიცვალებულთ, ბრალდებად წავუყენებდით მათ მიერ წინათ ჩადენილ შეცოდებებს, და ამით შევეცებოდით, სრულიად სამართლიანად, სამაგიერო შეგვეცოდა: ჩვენ ხომ ძალიან აღელვებული ვართ წინათ მათ მიერ აშკარად ჩადენილი საქციელით და სამართლიანად ვიძიებდით შურს! დავაც წესიერად წარიმართებოდა. მაგრამ არც ჩვენ, არც სხვებმა ამგვარი რამ არ უნდა გავბედოთ, თუ სახელმწიფო კანონების საფუძველზე ვაპირებთ ცხოვრებას. წარმოიდგინეთ, თუ ყოველ მსურველს ასე ერთბაშად შეეძლება საკუთარი მტრების მოკვლა, ამგვარი საქციელის ხშირად ჩადენა მიგვიყვანდა უსაზღვრო თავხედობამდე, და როგორღა შეგრჩებოდათ თქვენ შესაძლებლობა თავისუფალი და დაუბრკოლებელი განსჯისა? ყველა რომ ჟლეტიას დაიწყებს და გაჟლეტილი იქნება და თამამად მიმართავს ერთმანეთის წინააღმდეგ მახის დაგებას, თქვენ ვეღარ შესძლებთ სასჯელის დადებას: უაზროდ დაიხოცება მთელი მოდგმა და გამოძიების საშუალებას წინასწარ მოსპობს იმათი უკანონო საქციელი, რომლებიც ყოველთვის სამაგიეროს გადახდას მიმართავენ.
თუმცა – ამბობენ ისინი – განა უბედურებაა ის, რომ ერთი კაცის, ისიც მოღალატის, მოკვლით ყველა მოკავშირე უფრო გონიერად მოიქცევა? მოღალატეთა მართლაც რომ დიდი რაოდენობა იქნეს მოსპობილი, თუმცა ამით არავითარი სხვა სარგებლობა არა აქვთ მკვლელებს, მაგრამ თვით მოვლენა ამგვარი ხალხის მოკვლისა საკმაოდ სასარგებლოა. მაგრამ, თუ კი, მიუხედავად იმისა, რომ მოღალატეობა დამტკიცებული არაა, ერთბაშად აქრობენ და ჰკლავენ ერთ-ერთ უაღრესად წარჩინებულ კაცს, თითქოს ის აშკარაა ბოროტმოქმედებაში დაეჭიროთ, რანაირად შეუწყობს ეს ხელს იმას, რომ მოკავშირეები თქვენ უფრო გონიერად მოგექცნენ? იქნებ მათ უფრო ხელშეკრულებათა დარღვევა დაიწყონ, რახან იფიქრებენ, რომ თქვენ ამ ბოროტმოქმედების მონაწილენი ხართ? ისინი დაასკვნიან, რომ, თუ თქვენიანებისა და მახლობლებისადმი არ იჩენთ ლმობიერებასა და სამართლიანობას, ძნელი საფიქრებელია, რომ ერთგულნი დარჩებით უცხოელთა და გარეშეთა მიმართ, რომლებთანაც მხოლოდ აუცილებლობის გამო გაქვთ ურთიერთობა. მაგრამ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა მკვლელთა გეგმაში, არც მთელ რომაელ ერს მიეწერება ეს ბოროტმოქმედება, კერძოდ ჩადენილი ამათ მიერ; ამათი ვერაგული საქციელი ვერც თქვენ შესახებ წინათ არსებულ აზრს მოსპობს, სახელდობრ, რომ თქვენ ერთგულნი ხართ თქვენი ქცევით და ურყევნი, და სამართლიანი კანონებითაც ხელმძღვანელობთ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეხლანდელი სამსჯავროც ხალხის საერთო დიდებისათვის მოაწყეთ, რათა ყველას გაეგო, რომ თქვენ არასდროს არ გნდომიათ კოლხებს ისეთი საშინელი ძალადობა განეცადათ. შესაძლებელია ეხლა ბევრის აზრი ხან აქეთ იხრებოდეს, ხან იქით, გაურკვეველი და მერყევი იყოს, მაგრამ, მსაჯული, როდესაც შენი მსაჯულის მიხედვით ისინი მალე მოკლული იქნებიან, უფრო გასაგები შეიქნება, რომ თქვენ (რომაელები) თავისიანების მოღალატენი კი არა ხართ, არამედ უსამართლოდ მომქმედთა მომთვინიერებელნი. თუმცა ისინი, როგორც ჩანს, სიტყვით თავს იცავენ, მაგრამ საქმით საკუთარი თავის გამამტყუნებლებად გამოდიან და აღიარებენ ამ მკვლელობის სისაძაგლეს. მეფის წერილი ხომ უბრძანებს სტრატეგოსებს ბიზანტიონში მიჰგვარონ გუბაზი, ჯერ დაიყოლიონ ის ბიზანტიონში წასვლაზე, ხოლო თუ არ დაემორჩილება მათ განგებ და წინააღმდეგობას გაუწევს, ძალით გააგზავნონ; მისი მოკვლა კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, სანამ ის საბოლოოდ არ გადაუდგებოდა რომაელებს და მტრულ მოქმედებას არ დაიწყებდა. ესენი კი არც სტრატეგოსები ყოფილან, არც ნება მიუცია მათთვის ვინმეს ჩაედინათ ის, რაც მოესურვებოდათ, უცბად მოეკლათ საცოდავი გუბაზი ისე, რომ არც წინასწარ ეთხოვნათ მისთვის ბიზანტიონში წასულიყო და არც ეცადათ იმის გასინჯვა, უდიერად შეხვდებოდა ის მეფის განკარგულებას თუ არა. თუმცა ისინი ამაყობენ და ტრაბახობენ იმით, თითქოს შეასრულეს მეფის დავალება, მაგრამ, პირიქით, როგორც ჩანს, მათ გვერდი აუარეს მის სურვილს, წინასწარ თავხედურად შეხანხლეს გუბაზის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებები და, წინააღმდეგ მათთვის მეფისაგან მიცემული განკარგულებისა, საკუთარი სურვილის მიხედვით დაღუპეს კაცი; და, რაც ყველაზე უფრო უკანონოდ უნდა ჩაითვალოს, არც კი აჩვენეს მეფის წერილი, რომ ის გასცნობოდა მის შინაარსს და მოქცეულიყო საჭიროებისამებრ.
ნუ თუ, ამის შემდეგ, ის, რაც მათ გაბედეს, არ უნდა ჩაგვეთვალა ნამდვილ უბედურებად და უსაზიზღრეს მკვლელობად? ვინმეს მიმართ უსამართლობის ჩადენა ხომ აკრძალულია. და ჩვენც უნდა ვერიდებოდეთ მის ჩადენას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს უსამართლობა ეხება მეგობარსა და კეთილისმსურველს, იმ ადამიანს, რომელიც ხშირად გაბმულა საფრთხეში მახლობელთა გულისათვის. ვინ იყო რომ სპარსელთაგან დანაპირებ სიმდიდრესა და ყოველნაირ სიკეთეს ამჯობინა თქვენდამი კეთილი განწყობილება? ვინ იყო რომ ხოსროს მეგობრობა უკუაგდო და, იმ დროს როდესაც ეს მეგობრობა უდიდეს სიმდიდრეს უმზადებდა მას, თქვენგან მცირედსაც დასჯერდა? ვინ იყო რომ წინათ, როდესაც ეს ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში მიდიელების სათარეშოდ იყო გამხდარი და თქვენი დამხმარე ჯარები იგვიანებდნენ, მაშინვე გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი და თვით კავკასიონის მწვერვალებზე გადასახლდა, სადაც თითქმის ველურ ცხოვრებას ეწეოდა, და მან ეს უფრო ამჯობინა, ვიდრე მტრის მეგობრობა გამოეყენებინა, შინ ჩასულიყო და განცხრომით ეცხოვრა? ვინ იყო ეს? ეს იყო გუბაზი, რომელიც არ უშინდებოდა არავითარ გაჭირვებას, თუ კი თქვენი გულისთვის იყო ეს აუცილებელი. სად ხართ კანონებო, სად არის სამართალი! მას აბრალებენ მედიზმს, ტირანობას, რომაელთა მოღალატეობას! ის მოკლეს რუსტიკემ და იოანემ , ამ საძაგელმა და საზიზღარმა კაცებმა მოკლეს მეფე! ის რომ მართლაც დამნაშავე ყოფილიყო, ამათ მიერ კი არ უნდა ყოფილიყო ის მაშინვე მოსპობილი, არამედ მისი საქმე დინჯად უნდა გაერჩია რომაელთა და კოლხთა საერთო მეფეს, როგორც უდიდესსა და ყოველთა უძლიერესს, და სათანადო სასჯელი დაენიშნა. მაგრამ, ვინაიდან ამათ არ ჰქონდათ არავითარი კანონიერი საბუთი მისი მოკვლისათვის, უფრო კი შურიანობით გამოწვეული უზომო მტრობა აღიზიანებდა მათ ბოროტება ჩაედინათ, სათანადოდ არ მოიფიქრეს, გონიერი მოსაზრება არ მოიხმარეს და არც გაითვალისწინეს, თუ რა იქნებოდა სასარგებლო, და ამაყურ ქცევასა და შურისძიებას რომ დაემორჩილნენ, ჩაიდინეს დიდი თვითნებობა. ის, რაც დიდი ხანია განზრახული და ზედმიწევნით დაგეგმილი ჰქონდათ, სისრულეში მოიყვანეს პირველ შესაძლებლობისთანავე ისე, რომ არც დროის ვითარებას მიაქციეს ყურადღება და არც კარგად მოიფიქრეს. რადგან ისეთ მძიმე ომში ვიყავით გახვეული, გონიერ კაცს მოეთხოვებოდა ეზრუნა იმაზე, რომ კარგი მოპყრობის საშუალებით თავისკენ მიეზიდა უცხო და ჯერ კიდევ უცნობი ერები. ამათ კი ისინიც კი რომაელების მტრებად გადააქციეს, რომლებიც წინათ მათი მახლობელი მეგობრები იყვნენ. და მათი ბრალია, რომ ჩვენ მტრის მხარეზე გადავედით, ძველ მეგობრებს მზაკვრულად ვეპყრობით, რომ ეს ქვეყანა სპარსელების ხელშია და მშობლიური წესები მივიწყებულია, – ერთი სიტყვით, ყველაფერი უწესრიგოდ მიმდინარეობს; აი, რამდენი ზარდამცემი ნიშანია აჯანყებისა და შინაური არეულობისა. ამიტომ, რადგან ყველაფერი ეს ნამდვილად ასეა და ჩვენი საქმეები ყოველმხრივ ანგრეულია, უნდა მივუყენოთ ამათ ისეთი ღირსეული სასჯელი, რომლის გამოძებნასაც კი შევძლებთ. თუ ჩვენ რომაელთა ერთგულნი ვართ ურყევად, არ იქნება სამართლიანი, მსაჯულო, რომ ამათ ჩვენი ჩვილი ხასიათით ისარგებლონ და უფრო ნაკლები სასჯელი მიიღონ, ვიდრე მათ მიერ ჩადენილ საქციელს შეეფერება.“