დაცვითი სიტყვა, თქმული გუბაზ მეფის მკვლელობაში ბრალდებულის რუსტიკეს მიერ მისივე გასამართლებაზე, 556 წელს

„ბედმა ერთბაშად შეცვალა და უკუღმა შეატრიალა ჩვენი განზრახვები; უნდა დავმტკბარიყავით უდიდესი საჩუქრებით და ამის ნაცვლად სიკვდილით დასჯა მოგველის. თუმცა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს სამსჯავრო და უდიდესი სიამაყის მომგვრელი: ამით ყველა კარგად გაიგებს, რომ მხოლოდ ჩვენი წყალობით მოხერხდა მოღალატისა და ტირანის მოსპობა და მეფის საქმეების ნაწილობრივ უზრუნველყოფა, ასე რომ, კიდევაც რომ სიკვდილი შეგვხვდეს, სიამოვნებით მივეგებებით მას, როგორც რაღაც საყვარელსა და სანუკვარ მძიმე ხვედრს: ჩვენ წავალთ ამიერ ქვეყნით, საუკეთესო ნუგეშის მქონენი, ვინაიდან გზაზე წაგვყვება იმის შეგნება, რომ კოლხების ბატონებად რომაელები დავტოვეთ და სხვებს არ ჩავაგდებინეთ ის ხელში. ეს სამსჯავრო რომ სპარსელებისა იყოს და ისინი არჩევდენ ჩვენს საქმეს, ჩვენ მთლიანად გვიხდებოდეს იმის უარყოფა, რაც ჩაგვიდენია, გვეშინოდეს აქ მოტანილი საბუთებისა, მაშინ ჩვენ – სააშკარაოზე გამოყვანილთ – გაგვიჭირდებოდა სიტყვების მოძებნა იმ მოსამართლეთა საპასუხოდ, რომლებიც მტრულად და მკაცრად იქნებოდენ განწყობილი მომხდარი ამბის მიმართ, და ყოველგვარ იმედს მოკლებულნი ვიქნებოდით. მაგრამ ვინაიდან მოსამართლე რომაელი კაცია, რის გულისთვის უნდა უარვყოფდეთ ჩვენ მიერ ჩადენილ საქციელს? რაში გვჭირდება თავის მართლება თქვენ წინაშე იმისათვის, რომ ვალი დაგდეთ და ტირანი  მოგაშორეთ? მას ხომ ჩვენ ვერ მივაკუთვნებთ მეფის საპატიო სახელს, ვინაიდან მან საქმით გვაჩვენა თავისი მტრობა, თუმცა ბრალმდებლები ბევრს ყვირიან და გაიძახიან. საშინელი ბოროტმოქმედება ჩაიდინეთ, რომ მეფე მოჰკალითო. ცხადია, რომ მეფის სახელწოდება აბზინდსა  და ქლამიდს  და, საერთოდ, გარეგან სამკაულებს კი არ განეკუთვნება, არამედ მიეკუთვნება იმას, ვინც სამართლიანობას მისდევს, ზომას არ აჭარბებს თავის ქცევაში და მხოლოდ დადგენილ წესებს უფარდებს თავის გულის ნადებს. თუ ჩვენ, ეს კაცი რომ მოვკალით, უკანონოდ მოვიქეცით, მაშინ ბრალდება სამართლიანი იქნება და კოლხებიც მართალნი იქნებიან, რომ ჩვენ გვიწოდებენ მოძალადეებს, ნაძირალებს და სისხლისსმელებს. მაგრამ, თუ ის ასეთ ღირსებებს შორის ჩამორჩა თავისი ქცევით და მის განზრახვებში ზომიერი არაფერი იყო, პირიქით, ფარულად გვისისინებდა სპარსელებს და მათთვის უნდოდა ეს ქვეყანა გადაეცა, განა უმჯობესი არ იქნებოდა დაგვესწრო უბედურების მოახლოვებისათვის და გაგვემარჯვნა, ვიდრე ის, რომ მის მეფურ გარეგნობას შევღაღადებოდით და მტერს ჩავვარდნოდით ხელში? როდესაც წინასწარ შეიტყობ ვინმეს მიერ განზრახულ სახიფათო გეგმას და შესაძლებელია მაშინვე აიცდინო ეს ვერაგობა. რამენაირად უშველო შექმნილ მდგომარეობას და შემდეგ ნელ-ნელა გამოასწორო მომხდარი ამბავი, დიდი სისასტიკე იქნებოდა შური გეძია წინდაწინ და არ დაკმაყოფილებულიყავი შესაძლებლობით, რომ შემთხვევა მოგეცემოდა სამაგიერო ხიფათში ჩაგეგდო მოწინააღმდეგე. მაგრამ, როდესაც გეგმა უკვე სისრულეში მოჰყავთ და აღარაფერი გრჩება დასაცავად, ყველაფერი სწრაფად იღუპება, ისპობა სახელმწიფოს კეთილდღეობა და მასთან ერთად ისპობა ყოველგვარი იმედი გადარჩენისა, მაშინ გონიერმა კაცმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და ზომები მიიღოს, რათა არაფერი დაგემართოს ისეთი, რასაც ვეღარ უწამლებ.

თუმცა ბრალმდებლები ძალიან იჭაჭებიან, გაჰკივიან უნამუსობაზე, უწმინდურობაზე, სისხლისმსმელობაზე და სხვა ამგვარი ტრაგიკული სახელებით ამკობენ ჩვენს საქციელს და გაიძულებენ თქვენ მხოლოდ ამ მომხდარ ამბავს მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ, მსაჯულო, უყურადღებოდ არ დასტოვებ, ალბათ, იმ ამბებს, რომლებიც ჩვენ საქციელს წინ უძღოდა, ასწონ-დასწონი იმ მიზეზებს, რომლებმაც გაგვაბედინეს ის საქმე, და სისწორით გაიგებ ჩვენი საქციელის ნამდვილ აზრს. ქალაქებში ხშირად ვპოულობთ ხოლმე მაწანწალებსა და ქურდ-ბაცაცებს ან სხვა ამგვარი უკეთური საქმის ჩამდენთ, რომლებისთვისაც ან თავი წაუგდებინებიათ ან ფეხები მოუჭრიათ, მაგრამ ამ საქციელისათვის არავის ვდებთ ბრალს, თუმცა ესეც ძალიან უწყალო საქციელად ჩანს; არც იმ მართველ მოხელეებზე ვიყრით ჯავრს, რომლებმაც დაუშვეს ასეთი შურისძიება, და არც უწმინდურ, საზიზღარ და ბოროტ საქციელად ვნათლავთ ამას: ჩვენ მხედველობაში ვღებულობთ ამ ბოროტმოქმედთა მიერ წინათ ჩადენილ უკეთურ საქმეებს, ვიგონებთ იმას, რომ მათ სასჯელი მიიღეს მათ მიერ ჩადენილი უსამართლო ქცევისათვის და მათდამი გამოჩენილი სისასტიკე სიამოვნებას გვგვრის. სანამ ბოროტმოქმედებები არ შეწყვეტილა, არც სასჯელის დადება უნდა იქნეს მიჩნეული შეუფერებლად.

ამრიგად, გუბაზი ჩვენ  მოვკალით. მერე რა მოხდა აქ საშინელი, თუ ჩვენ მოვკალით მოღალატე ადამიანი და ჩვენი მტერი ? ბრალმდებლები სამართლიანად ამბობენ, რომ მტრის სახელწოდება შეეფერება არა იმას, ვინც მოშორებით, უცხოეთში, ცხოვრობს, არამედ იმას, ვინც თუმცა თვისტომია, მაგრამ მტრისთვის სასიამოვნო საქმეს აკეთებს; ჩვენის აზრითაც ასეთი განსაზღვრა საუკეთესოა და უჭეშმარიტესი და სინამდვილეს შეეფერება. და, რახან ორივენი თანახმა ვართ ამაში, ვისარგებლებთ ამ საბუთით და დავამტკიცებთ, რომ გუბაზი ჩვენი მტერი იყო. ხოლო თუ ეს დამტკიცებული იქნება ამ გზით, ნათელყოფილი იქნება ისიც, რომ ის მოკლულ იქნა სრულიად მართებულად. მთელი ეს ბარბაროსული მოდგმა , თუმცა ის რომაელების ქვეშევრდომია, მაგრამ თავისი შეხედულებით ძალიან დაშორებულია მათ; რომაელთა კანონების სიმწყობრე ამძიმებს მას და ის ისწრაფის გადატრიალებისა და აჯანყებისაკენ; სანამ სხვის ხელქვევით არის, მას არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება ისე, რომ უსამართლო საქმეებში არ გაერთოს. თუ ამას მარტონი ვერ ახერხებენ, ცდილობენ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ის ტომები, რომლებიც მათნაირივენი არიან და რომელთა ჩვეულებებიც მათ საკუთარ ჩვეულებებს უახლოვდება. გუბაზი ყველა ამ თვისებით იყო აღჭურვილი: ის ხომ წარმოშობით ბარბაროსი  იყო და ამ მოდგმისათვის დამახასიათებელი მზაკვრობით იყო დასნეულებული; გარდა ამისა ჩვენ მიმართ ისეთი ბოროტებით იყო გამსჭვალული, რომ არც კი თვლიდა საჭიროდ ამის დაფარვას, – პირიქით, ისწრაფოდა განეხორციელებინა თავისი მტრული, რომლებიც მანამდე გულში ჰქონდა ჩათხრობილი და დაფარული. ჩვენ რომ წვალებაში ვიყავით და ყოველგვარ ხიფათში ვებმოდით, რათა მტერს მისი გულისნადები არ ასრულებოდა, გუბაზი ამ დროს ამჯობინებდა შინ მჯდარიყო თვისტომებთან ერთად და საწვალებელ საქმეს მოშორებული ყოფილიყო. გარდა ამისა ის ზედმიწევნით ადევნებდა თვალყურს ბრძოლის მიმდინარეობას და უთვალთვალებდა, თუ რით დამთავრდებოდა ეს ბრძოლა. თუ ვინიცობაა რომაელები ბრძოლაში წარმატებას მიაღწევდენ და მართლაც რომ გამარჯვებულის ჭეშმარიტ სახელს მოიპოვებდენ, ის მაშინვე თავის მტრობასა და შურს ამჟღავნებდა და ცდილობდა სასაცილოდ აეგდო ეს გამარჯვება, გაებათილებინა მიღწევის მნიშვნელობა; თვით საქმეს უმნიშვნელოდ ნათლავდა, შედეგსაც უმნიშვნელოდ თვლიდა და ამასაც ჩვენ კი არ მოგვაწერდა, არამედ ბრმა ბედს. თუ კი მოხდებოდა ისე, რომ ფეხი დაგვიცდებოდა (და განა შესაძლებელია, რომ ადამიანის საქმე უკუღმა არ წავიდეს და მუდამ ერთ მდგომარეობაში იყოს?), ის, ვითარცა მომხდარი ამბის უეჭველი მსაჯული, მაშინვე პირწმინდად გაათავისუფლებდა ხოლმე ბედისწერას ყოველგვარი ბრალდებისაგან, თითქოს მისი მონაწილეობით არ ხდებოდეს ყველაფერი: მისთვის უკვე წინასწარვე იყო გადაწყვეტილი, რომ ჩვენი საქმის ცუდად წარმართვაში ბრალი მიუძღოდა მხოლოდ ჩვენს სულიერ სილაჩრეს, მარჯვენის სისუსტეს და გეგმის უვარგისობას. ბედის ცვალებადობას, უწესრიგობასა და მოუფიქრებლობას ის არასდროს არ მიაწერდა მტერს (ჩვენ კი ყოველთვის ამას გვაბრალებდა), თითქოს ამ მიზეზით არ ყოფილიყოს, რომ მტერი გვაჯობებდა ხოლმე ჩვენ.

და ამას ის გაჰკიოდა ხმამაღლა და აშკარად, და აცნობებდა ხოლმე არა მარტო სპარსელთა ჯარებს, რომელთაც ის ყოველგვარ საქმეში შველოდა, არამედ ის მაშინვე შიკრიკებს აფრენდა ხოლმე, რომ ცნობები მიეტანათ იბერიაში, სვანთა ტომისათვის, კავკასიის გადაღმა მცხოვრებ ბარბაროსთათვის, უფრო შორს იმათ იქითაც, თუ კი შესაძლებელი იქნებოდა დედამიწის კიდეზედაც. ცნობა კი ასეთი იგზავნებოდა: «რომაელები ცუდი მეომრები არიან, ბარბაროსები მათ ამარცხებენ». და მისი ცდა მარტო ის კი არ იყო, რომ რომაელთა მოდგმისათვის ჩირქი მოეცხო (თუმცა ესეც საშინელი რამ არის და მტრულად განწყობილი ადამიანის სულისკვეთებას ამჟღავნებს), არამედ უფრო მეტს იღვწოდა, რაღაც სხვას, უფრო დიდს, იზრახავდა და ამზადებდა. ის საჭიროდ თვლიდა შეერყია ბარბაროსთა შორის გაბატონებული აზრი ჩვენი დიდი მეფის შესახებ, რომელიც განთქმული იყო, როგორც უძლიერესი და გამარჯვებათა შარავანდედით მოსილი მეფე; ამით მან გაათამამა ის, ვინც წინათ შიშით და გაკვირვებით შეგვყურებდა. განა უფრო სამართლიანი არ იქნება ასეთი რამეების ჩამდენს მტერი ვუწოდოთ, ვიდრე მეგობარი, კეთილისმსურველი, მეფე, მოკავშირე ან სხვა ამგვარი სახელები, რომლებსაც ბრალმდებლები თხზავენ ამ ტირანის შესახებ? თუმცა ორივეს – მტერსაც და მოყვარესაც – ერთნაირად ანიჭებენ ამ სახელს, მაგრამ მოყვარის გარჩევა მტრისაგან მხოლოდ იმის მიხედვით შეიძლება კეთილად არის ის განწყობილი მომხდარი ამბების შედეგების მიმართ, თუ მტრულად. მაშასადამე, ვინაიდან უკვე დამტკიცებულია, რომ გუბაზი ჭმუნვას ეძლეოდა, როდესაც ჩვენ ვიმარჯვებდით, და ხარობდა, როდესაც მარცხი მოგვდიოდა, რაღას გაჰკივიან ბარბაროსები რომაული კანონების წინააღმდეგ, რომელთა მიხედვით ვსჯით ხოლმე, ან კიდევაც სრულიად ვანადგურებთ იმათ, ვინც არსებულ წყობილებას ერთგვარად არყევს და ზიანს აყენებს? თუ ეს ასეა, თავი დავანებოთ საბუთებს, მითითებებს და საეჭვო მტკიცებებს; ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ საქმეთა ვითარებას და ვნახოთ, სად მიგვიყვანს ის.

სპარსელებს ჰქონდათ დაპყრობილი ონოგურისის ციხე , რომელიც მათ ჩამოეგლიჯათ არქეოპოლისის  მიდამოებიდან, და ჩვენთვის აუტანელ სირცხვილს წარმოადგენდა ის, რომ მტრის ჯარი მტკიცედ ჩამჯდარიყო ზღუდის შიგნით ჩვენს მიწა-წყალზე. სტრატეგოსთა თათბირზე გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ მთელი ჯარით გავმგზავრებულიყავით იმათ წინააღმდეგ, გაგვენადგურებინა ისინი და, ამრიგად, განვთავისუფლებულიყავით მეტად სახიფათო ჩასაფრებისაგან. ჩვენ, რასაკვირველია, გვჭირდებოდა კოლხთა ჯარიც, არა მარტო იმიტომ, რომ კოლხები, როგორც იმ ადგილების მცოდნენი უფრო მეტად, ვიდრე ამ ადგილთა არმცოდნენი, სასარგებლო რჩევა-დარიგებას მოგვცემდენ, არამედ იმიტომაც, რომ, რადგან ბრძოლა მოგვიხდებოდა გამაგრებულ ადგილას ჩამჯდარ და კარგად შეიარაღებულ მებრძოლებთან და აგრეთვე იმათთანაც, რომლებიც ალბათ მუხირისიდან  მოვიდოდენ მათ საშველად, კოლხებსაც გაეწიათ ჩვენთვის დახმარება, ჩვენთან ერთად ებრძოლათ. ასეთ პირობებში რა უნდა ექნათ სტრატეგოსებს? რასაკვირველია, უნდა მიემართათ ერის მთავრისათვის და მოეთხოვათ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო, მის შემდეგ რაც დაუმტკიცებდენ ამ მოთხოვნის საბუთიანობას. და მართლაც, მიმართეს კიდეც და დაუმტკიცეს. იმან კი ისე წარმოიდგინა თავი, თითქოს მართლაც მეფე ყოფილიყოს და თითქოს მის ხელთ ყოფილიყოს თავისი ნებისაებრ ემართა, უარი თქვა ჩვენთან ერთად ელაშქრა ციხის წინააღმდეგ და არც კი მოვიდა ჩვენთან. არავითარი მიზეზებიც კი არ დაასახელა, რომლებიც, თუმცა შეუფერებელი იქნებოდენ, მაგრამ გარეგნულად მაინც გაამართლებდენ მის უარს. მან გაცილებით უფრო ამაყად და უხეშად მოგვიგო უარი, ვიდრე ეს დაქირავებულ ქვეშევრდომს შეეფერებოდა. კიდევ მეტი; ის მუდამ სიძულვილით უცქეროდა სტრატეგოსებს და გაშმაგებით მტრობდა მათ, და ვაჟკაცობად და სამეფო ღირსების შესაფერისად მიაჩნდა ის, რომ ახდილად არცხვენდა სტრატეგოსებს მათ მიერ შესრულებული საქმეების გამო. და ყველაფერ ამის შემდეგ განა საჭირო იყო მეტის დაყოვნება ჩვენი მხრით? განა უნდა გვეცადა უფრო მეტი საბუთებისათვის და გვეჩვენებინა მეფის წერილი, რათა ბიზანტიონში  წასულიყო, იმ დროს როდესაც საკუთარი მიწა-წყლის ფარგლებში რაღაც მოკლე მანძილის გამოვლასაც კი არ ნებულობდა? მერე და, განა შესაძლებელი იქნებოდა მოგვეხერხებინა აგრე რიგად ჩვენ წინააღმდეგ განწყობილი გუბაზის გაგზავნა ბიზანტიონში ისე, რომ ამას არ გამოეწვია ათასნაირი შინაური აჯანყება, მრავალი ხოცვა-ჟლეტა, აშკარა გადადგომა, სპარსელთა მოულოდნელი შემოჭრა? მოწინააღმდეგე ხომ არ გვემორჩილებოდა და გვებრძოდა, ხოლო მთელი ერი აჯანყების მოყვარულია, მას, ბარბაროსული წესის მიხედვით, ახასიათებს მისწრაფება არსებული წყობილების შერყევისადმი, მით უმეტეს რომ ახლოს ცხოვრობენ ისინი, ვინც მათ მხარს დაუჭერს. ამიტომ, ვერაგული ზრახვების მეთაური რომ მოვკალით, ამით ძალიან ადვილად მოვუღეთ ბოლო მთელ რიგ ასეთ უბედურებას, არსებულსა და მოსალოდნელს, ისე რომ სრულიად დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ მომავალში განმეორდეს.

ამიტომ, მსაჯულო, ნუ გვისაყვედურებენ იმ წერილის გამო, ნურც გვაგინებენ, რომ არ შევასრულეთ წერილში მოხსენებული დავალება. განა ცხადი არ არის, რომ ის მოწერილობა – სამეფო ქალაქში გამგზავრების შესახებ – მხოლოდ მის გამოსაცდელად იყო გამოგზავნილი, რათა გამოგვეცადა, შეასრულებდა თუ არა ის თავისი ნებით ბრძანებას და კანონიერად მოიქცეოდა? რადგან ჩვენ მალე შევიტყვეთ მისი შეუპოვრობა და ჯიუტობა და რადგან ის მცირე მოთხოვნასაც კი არ ასრულებდა, განა შევძლებდით მის დაყოლიებას უფრო დიდ მოთხოვნაზე და განა სასწრაფოდ არ უნდა მიგვემართა იმ უკიდურეს საშუალებისათვის, რომელსაც აუცილებლობის გამო მივმართეთ, რადგან ამასობაში ბევრი რამ საშინელი მოხდა? თუ ხელიდან გაუშვებ მოხერხებულ დროს და არ გამოიყენებ იმას საქმის მოსაგვარებლად, შემდეგში ვეღარ დაიბრუნებ იმას, რაც გამოგეპარა! იქნებ, როგორც ბრალმდებლები ამბობენ, ის ღა დაგვრჩენოდა, რომ სამართალში მიგვეცა გუბაზი, ფუჭი სიტყვიერი ბრძოლა გაგვეჩაღებინა და სახელმწიფო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მაგიერ სიტყვების რახა-რუხი გაგვემართა? მაგრამ, ბედშავნო, ამის ნებას არ იძლეოდენ სპარსელები, რომლებიც აქვე იყვნენ სამტროდ დარაზმულნი და გამზადებულნი იმისათვის, რომ მთელი კოლხეთი ეგდოთ ხელთ იმის (გუბაზის) დახმარებით. ვინაიდან ყოველმხრივ დამტკიცებულია, რომ გუბაზი მტერი და მოღალატე იყო და ტირანის ზრახვების მატარებელი, სულ ერთი არ იყო კოლხებისათვის, ჩვენ მოვკლავდით მას თუ სხვები? გონიერი მოსაზრება მარტო სტრატეგოსებსა და, საერთოდ, ძალაუფლების მქონეთ კი არ ებადებათ და მოუდით ხოლმე, არამედ ყოველ მსურველს, ჩემის აზრით, უფლება აქვს და შეუძლია გამოექომაგოს სახელმწიფოს, რომელშიაც ის მოღვაწეობს, და შეძლებისამებრ იზრუნოს საზოგადო კეთილდღეობისათვის. თუმცა ჩვენ მათი აზრით საზიზღარნი და საძაგელნი ვართ, მაგრამ სინამდვილეში მეფისა და რომაელთა ერთგულნი ვართ და თავზე არ მოვუსვამთ იმათ, ვინც ცდილობს მახე დაგვიგოს. თუ კიდევ მეტის თქმაა საჭირო, კარგად იცოდე, მსაჯულო, რომ ჩვენ ამ, ჭეშმარიტად კარგი და სამართლიანი საქმის ჩადენა გავბედეთ სწორედ დროზე, და მარტინეს  თანხმობაც გვქონდა ამაზე.“

მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...