სიტყვა, თქმული ფარტაზის მიერ ეგრისის სახალხო კრებაზე კოლხიდის პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 554 წელს

„ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს. უძლეველი რაღაც არის მჭევრმეტყველება და ის თითქმის ყველას ამარცხებს, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც წინათ მისი ძალა არ გამოუცდია; მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ვერ დავუპირისპირებთ გონიერ მოსაზრებას, რომელიც საქმის ნამდვილ ვითარებას ემყარება. ნათქვამი იმიტომ კი არ უნდა მოიწონოთ თქვენ, რომ ის თავისი მოულოდნელობითა და უჩვეულობით მიგაჩნიათ დამარწმუნებლად, არამედ მხოლოდ მაშინ, თუ ის მიზანშეწონილია და სასარგებლო. კარგად უნდა შეიგნოთ, რომ, რაგინდ სასიამოვნო არ იყოს ნათქვამი, უნდა ამოირჩიოთ იქიდან ის, რაც უმჯობესია: იმის აშკარა საბუთად, რომ თქვენ მოსტყუვდით, ის გამოდგება, რომ თქვენ ასე ადვილად დაარწმუნებინეთ თავი აიეტს . ვინც ყალბ რჩევა-დარიგებას იძლევა, მას ესაჭიროება სიტყვების მეტი მოკაზმულობა და სიჭრელე: რაც უფრო მეტ წარმტაც სიტყვებს იხმარს ის, მით უფრო სწრაფად მიიზიდავს გულუბრყვილო მსმენელს. ასე დაგემართათ თქვენც: აიეტი რომ მაცდურსა და შემპარავ სიტყვებს მოგახსენებდათ, ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ მოსტყუვდით. სხვა თუ არაფერი, ის კი მაინც ნათლად უნდა შეგემჩნიათ, რომ მან იმთავითვე წამოაყენა სულ სხვა საკითხი, სრულიად განსხვავებული იმ საკითხთაგან, რომელთა გამო ჩვენ აქ მოვსულვართ. მისი სიტყვებით ისე გამოდის, თითქოს თქვენ ყველანი ამტკიცებდეთ, რომ მომხდარი ამბავი არ იყო საშინელება, რომ ამ საზიზღარ მკვლელობას არ ჰკიცხავდეთ და მხოლოდ იმის შესახებ მსჯელობდეთ დამნაშავენი არიან თუ არა გუბაზის  მკვლელები; თვითონ კი მკვლელების დანაშაულს არ ეხება და უამრავ სიტყვას ხარჯავს იმაზე, რაც ცნობილია. მე კი ვამბობ, რომ წყეული და შეჩვენებული არიან ისინი და რომ მე უდიდესი სიამოვნებით ვუყურებდი მათ საშინელ სასჯელს, ვუყურებდი არა მარტო იმათ დაღუპვას, რომელთაც განგმირეს გუბაზი და საკუთარი ხელებით ჩაიდინეს ეს მკვლელობა, არამედ ყველა იმათსაც, რომელთაც შეეძლოთ შეეფერხებინათ ეს მკვლელობა და არ შეაფერხეს, და აგრეთვე იმათსაც, რომელთაც ეს მკვლელობა გაეხარდათ და არც თუ ისე აღშფოთდნენ. თუმცა მე ამას ვფიქრობ, მაგრამ სპარსელების მხარეზე გადასვლა მაინც არ იქნება სასარგებლო: არავინ არ მიიჩნევს საჭიროდ მივიღოთ და გავიზიაროთ ის აზრი, თითქოს თუ იმათ (რომაელებმა) ჩაიდინეს უკანონობა, აუცილებელი იყოს ჩვენც გამოვეთხოვოთ, მშობლიურ წესებს და იმ ვერაგებს კი არ გამოვუცხადოთ ჩვენი გულისწყრომა, არამედ თვითონ მოვიპოვოთ ამგვარივე სახელი. ეხლა აღარ არის საჭირო იმაზე ფიქრი, რაც მოხდა და დასრულდა, და უკვე აღარ შეიძლება დაბრუნებულ იქნას (თითქოს არ მომხდარიყოს); ნუ ავყვებით, მსჯელობის დროს, მოწოლილ ბოღმას და გულის-ტკივილს, რომ არ დავკარგოთ მოსაზრების უნარი და არ დავაბუნდოვანოთ ჩვენი მსჯავრი: შევინარჩუნოთ უნარი უკეთესის არჩევისა. გამოვიჩინოთ ჩვენი მწუხარება, რამდენადაც ეს საჭიროა იმის დასამტკიცებლად, რომ დაუდევრობას არ ვიჩენთ, და მოვისაზროთ მომავლისათვის, თუ როგორ მოვაგვაროთ საქმეები უფრო უკეთ. უგუნური ადამიანები სულ მუდამ დასტირიან განვლილ უბედურებას, ხოლო გონიერნი შეიცნობენ ხოლმე ბედის უკუღმართ ტრიალს და მათ არ აშფოთებს ცვლილებები, და, როდესაც წინანდელ მდგომარეობას ჰკარგავენ, არ ისპობენ მომავლის იმედებს.

მაგრამ ეს მრჩეველი , რომელიც დიდი ხანია მიდიელების  მომხრეობას იჩენს და მოწადინებულია ჩვენც გადაგვიყვანოს მათ მხარეზე, ცდილობს შეგვაშინოს – თითქოს ბავშვები ვიყვეთ – და გვიმტკიცებს რომაელები არ იკმარებენ იმას, რაც გაბედეს, კიდევ მეტი უბედურება მოგველისო. ამბობს იმასაც, რომ მათ დიდი გაიძვერა მეფე  ჰყავთ, რომელიც თვითონ არის ამ მკვლელობის სულის ჩამდგმელი; დიდი ხანია ეს მკვლელობა მომზადებული და მოფიქრებული იყოო. ამას ამბობს ის და აქებს და ადიდებს სპარსელებს; ის ფიქრობს, რომ ამ გზით დაგვარწმუნებს ჩვენ და ჩვენც ეხლავე საკუთარი ფეხით ვეახლებით აშკარა მტრებს და ხვეწნას დავუწყებთ. ამ მიზნისათვის ხმარობს ის ყოველგვარ საშუალებას; იმთავითვე იღწვის და ცდილობს იმისათვის, რომ განახორციელოს ის, რაც მას განზრახული აქვს; მოუფიქრებლად გვიდგენს გეგმებს, არღვევს და ანგრევს კრების წესრიგს და ამ კრებას მიზანს უკარგავს. კრება ხომ, ჩვეულებრივ, წინასწარ იხილავს მუდამ და მსჯელობს, რომ კარგად გასინჯოს ის, რაც არ არის ნათელი; ხოლო, როგორც კი მიაგნებს იმას, რისი გაკეთებაც არის საჭირო, მაშინ გვმართებს გამოვიჩინოთ სურვილი და შევასრულოთ დადგენილება. ამან კი ბოლო თავში გადაიტანა და, ვიდრე ჩვენ საბოლოოდ რასმე გადავწყვეტდეთ, ის უკვე შეუდგა შესრულებას. რაღა აზრი აქვს კრებას, თუ ჯერ დადგენილება იქნება და მერე კრება? თქვენ კი, კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს, უნდა უყუროთ ერთს რომელსამე წინდასახულ მიზანს და ისე წარმართოთ თქვენი მსჯელობა. განა შესაძლებელია ვითარების შეტრიალება ძალით და მისი ისე მოქცევა, როგორც გესიამოვნება? თქვენ, პირიქით, სხვა წესს უნდა მისდიოთ: წმინდა და დამოუკიდებელი მსჯელობა იხმაროთ ისე, რომ ზედმიწევნით გაარჩიოთ საქმე და დაადგეთ იმ გზას, რომელიც სასარგებლო იქნება. თუ ჩვენ ასე ვიმსჯელებთ, მაშინვე ცხადი გახდება, რომ არც რომაულ რაზმებს, არც სტრატეგოსებს, საერთოდ აღებულს, მით უმეტეს არც მათ მეფეს არ მოუწყვიათ შეთქმულება გუბაზის წინააღმდეგ. ხომ თვით მათ შორისვეა გავრცელებული ხმები და ერთხმად აღიარებული, რომ რუსტიკე  და მარტინე , რომელთაც შურდათ მისი წარმატება, აჰყვნენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს და დანარჩენი სარდლები არა თუ მათ არ ეხმარებოდნენ, არამედ აშკარადაც სწუხდნენ. უმართებულო იქნებოდა, ჩემის აზრით, და ამასთანავე ერთად მიზანშეუწონელიც ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ასე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება, რომელსაც მშვენივრად შევეგუეთ, იმათ მიმართ კი, რომლებიც ამ ქვეყანას სდარაჯობენ და მრავალნაირ ხიფათში ვარდებიან იმის გულისთვის, რომ ჩვენ უდარდელი ცხოვრება მოგვანიჭონ, გამცემლები გამოვსულიყავით; ყველაზე უფრო უწმიდური საქმე ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდა საიდუმლოთა უმწიკვლოობას. აბა, სხვა რას დაემსგავსება ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ, ამაზე უფრო სამძიმო რა უნდა განვიცადოთ ჩვენ, რომლებიც ცოცხლები ვიქნებით და ამავე დროს მკვდრებიც? რას მოვიგებთ იმით, რომ, ვთქვათ, მთელი სპარსეთი შევიერთოთ და სულები კი წავიწყმიდოთ? რომ კიდევაც ნება დაგვრთონ და ჩვენ ნებაზე მიგვიშვან, სულ ერთია – მაინც არ ექნებათ ჩვენ მიმართ კეთილი განწყობილება და ნდობა: მათი მოპყრობა ჩვენდამი ვერაგული და არასაიმედო იქნება და მარტოოდენ სარგებლიანობის თვალსაზრისით გამოანგარიშებული. ადამიანები ვერ იწყნარებენ ხოლმე აზრთასხვადასხვაობას და მაშინაც კი, როდესაც გაჭირვება ან რაიმე, მოპირდაპირის მიერ ჩადენილი, კეთილი საქმე აიძულებს მათ კავშირში ყოფნას, მათ შორის ნდობა არასდროს არ არის მტკიცე; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შორის აზრთა ერთიანობაა. თუ ვინიცობაა ეს ერთიანობა არ არსებობს, მათი დაახლოება და მეგობრობა ცარიელი სიტყვაა: საქმით ისინი ერთმანეთისათვის უცხონი რჩებიან. ჰო და, აბა, რის გულისათვის უნდა გადავიდეთ, კოლხებო, სპარსელების მხარეზე, თუ კი ისინი მაინც ჩვენ მტრებად დარჩებიან და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ისღა გვექნება, რომ ისინი უფრო ადვილად მოგვაყენებენ ვნებას, ვინაიდან ფარული მტრისაგან უფრო ძნელია თავის დაცვა, ვიდრე აშკარასაგან? მაგრამ ვთქვათ, თუ გნებავთ, რომ ეს საქციელი არც უსამართლო იქნება და არც არასაკადრისი, და დავუშვათ, რომ სპარსელები თავისი ხასიათით მტკიცენი და სანდონი არიან და ჩვენთან დადებულ პირობებს ყოველთვის შეასრულებენ. ესეც რომ მივიღოთ და, მაშასადამე, აღარავითარი დაბრკოლება აღარ გვეღობებოდეს, მაინც ჩვენი ძალები საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ ჩვენი განზრახვა სისრულეში მოვიყვანოთ და სპარსელების მხარეზე გადავიდეთ. როგორ შევძლებთ ჩვენ სხვის მხარეზე გადასვლას, როდესაც თავზე გვადგანან რომაელები, რომელთაც ამდენი ვაჟკაცი ჰყავთ დარაზმული საუკეთესო სტრატეგოსების ხელმძღვანელობით? როგორღა შევძლებთ საშინელი სასჯელის თავიდან აცდენას, როდესაც ისინი, რომლებმაც უნდა აღმოგვიჩინონ დახმარება, ჯერ კიდევ შორს, იბერიაში , აყოვნებენ და ზლაზვნით მოიწევენ წინ, ხოლო ისინი კი, რომელთაგანაც სასჯელს უნდა ველოდეთ, მთელ ამ ქვეყანას ფლობენ და ჩვენს ქალაქებში ცხოვრობენ?

მართალია, ეს სახელოვანი კაცი  გვიმტკიცებს, რომაელები  ჩვენს იერიშს ვერ გაუძლებენო, და საბუთად მოჰყავს ამას წინათ მომხდარი შემთხვევა, მაგრამ ვინ არ იცის, რომ ბრძოლის შედეგები უთუოდ განსაზღვრულ პირობებს არ ექვემდებარება და რომ, ვინც ეხლა შემთხვევით დამარცხება განიცადა, მუდამ იმნაირივე უბედურების ლუკმა არ იქნება? პირიქით, ხშირად გამარჯვება ბედის უკუღმართობას გამოასწორებს ხოლმე და დამარცხებულებს ხვდება წილად. ამიტომ ჩვენ იმ იმედით, რომ რომაელები ამიერიდანაც ყოველთვის დამარცხებულნი აღმოჩნდებიან ბრძოლებშიო, არ გვმართებს ზომაზე მეტად ვიყოთ დამშვიდებულნი. რომ ისინი დამარცხდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად არ მოიფიქრეს ის, რაც საჭირო იყო, ჩვენ ეს უნდა გამოგვადგეს კარგ მაგალითად და წინასწარი ზომები მივიღოთ, რათა მოუფიქრებლობის გამო ხიფათი არ შეგვემთხვეს; და, რასაკვირველია, აქედან ჩვენ ის დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ ადვილად ვაჯობებთ მათ. ხომ საფიქრებელია, რომ, რახან წინათ შეცდომები დაუშვეს, გამოცდილებით ისწავლიდნენ, თუ რას უნდა ერიდონ, და ამიერიდან იზრუნავენ, რომ შეცდომა გამოასწორონ. ხოლო თუ მათ ღვთაება უწყრება ამ საზიზღარი მკვლელობის ჩადენისათვის და ამით აიხსნება მათი უბედურება, რაღა საჭიროა ჩვენც არ მივეშველოთ ღვთაების, თითქოს მსჯავრის დასადებად მას თავისი ძალა არ ჰყოფნიდეს და ჩვენს დახმარებას საჭიროებდეს? რა საქციელის ჩადენის შესაძლებლობაღა დარჩება სხვებს, თუ ჩვენ გადადგომით ვუპასუხებთ რომაელთა იმ წყალობას, რომელიც გვიცავს ჩვენ როგორც საჭიროა, და რომლის მეოხებით ჩვენ მშვიდად ვცხოვრობთ? ამიტომ, ნურავინ ნუ ცდილობს წარმოგვიდგინოს აქ მიცვალებული გუბაზი, სრულიად არა ვაჟკაცურად მოტირალი, რომელიც თითქოს თავის ჭრილობას უჩვენებს თვისტომთ და ევედრება მათ, შეიბრალონ იგი. იქნებ ეს შეეფერებოდეს საცოდავ და სუსტ არსებათ, მაგრამ ეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა არ მივცემოდით სასოწარკვეთილებასა და გულაჩუყებას, და მონების მსგავსად კი არ გავქცეულიყავით, არამედ აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით, ვაჟკაცურად აგვეტანა უბედურება და არაფერი სასირცხო და მამაპაპური წესების შემბილწველი არ ჩაგვედინა, არსებულ მდგომარეობაში დავრჩენილიყავით და იმედი გვქონოდა, რომ უზენაესის თვალი არ მოაკლდება ერს. ნუთუ რამენაირად დასაჯერებელია, რომ გუბაზი, რომელსაც ძალადობამ მოუსპო სიცოცხლე, ყველაფერ ამას შესაწყნარებლად თვლის, ხოლო ჩვენ, რომლებიც მას სიყვარულით ვეპყრობით, წინააღმდეგს ვფიქრობთ? მაგრამ მე მეშინია, ვაი თუ მხოლოდ იმის გამოც, რომ ასეთი რამ გავიფიქრეთ და განვიზრახეთ, უდიდესი სასჯელი მოგვეზღოს. თუ ჩვენ შევუდგებით გადადგომას ისეთი იმედებით, რომლებიც ბუნდოვანია და ჰგულისხმობენ საქმის წარმართვისას სასწორის ან აქეთ ან იქით გადახრას, მაშინ ხომ საშინელება იქნებოდა ასეთ გარდამწყვეტ წუთებში მხოლოდ ბედზე ვყოფილიყავით დამოკიდებული; ან და, იქნებ, იმათ, ვინც ეს გზა აირჩია, უფრო გაბედულად შესძლონ ამ სამარცხვინო საქმის შესრულება. ხოლო, თუ ეს ბოროტება წინასწარ უკვე ყოველმხრით ნათელია, ნუთუ ზიზღის ღირსნი არ არიან ისინი, ვინც ეს გაფიქრებინათ? თუ როგორ განვთავისუფლდეთ ამათგან, მე უკვე საკმაოდ ვილაპარაკე. მე იმ აზრისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ მომხდარი ამბავი, რათა იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ, ვისაც ამ მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან: კვლავ ერთად ვილაშქრებთ, ძველებურად ერთად გავწევთ ცხოვრების ჭაპანს. თუ კი ის უარყოფს ჩვენს თხოვნას, მაშინ უნდა მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა მეორე გზას დავადგეთ. თუ ასე მოვიქცევით, იმასაც დავამტკიცებთ, რომ ცხონებული გუბაზი არ დაგვივიწყნია, და იმასაც, რომ საქმეებს მოფიქრებით ვაგვარებთ და არა წინდაუხედავად.“


მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...