სიტყვა, თქმული აიეტის მიერ ეგრისის სახალხო კრებაზე კოლხიდის პოლიტიკური მდგომარეობის გამო, 554 წელს

„რომაელები  რომ სიტყვებითა და გეგმებით გვეპყრობოდნენ უსამართლოდ, ჩვენც კარგს ვიზამდით, რომ მუდამ ამგვარივე საშუალებებით დაგვეცვა თავი; მაგრამ ეხლა ნუთუ მისაღებია, რომ იმ დროს, როდესაც ისინი ყველაფერში საშინლად გვექცევიან, სამაგიეროს გადახდის შემთხვევას ვკარგავთ იმაზე, რომ ვყოყმანობთ და ვთათბირობთ? ხომ არავის შეუძლია იმის მტკიცება, თითქოს მტერი ბოროტ ქცევაში ჯერ არ იყოს შემჩნეული, და თითქოს მხოლოდ ეჭვები არსებობდეს, რომ ის ამგვარ აზრებსა და ზრახვებს ატარებს; არც საბუთების მოგონებაა საჭირო მისი, ვითომც დაფარული, ვერაგობის დასამტკიცებლად: საკმარისია გაიხსენოთ სახელოვანი გუბაზი , რომელიც ასე საცოდავად იქმნა მოსპობილი, თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყოს. გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდგან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ: ისიც უნდა ვიკმაროთ, თუ მივაღწევთ იმას, რომ ძალიან არ დაგვჩაგრონ იმათ, ვინც წინათ ჩვენი ქვეშევრდომი იყო. ნუთუ უკიდურეს უგუნურებას არ წარმოადგენს ის, რომ იმათ შესახებ, ვინც ეს ჩაიდინა, ჩვენ ვზივართ და ვმსჯელობთ, მტრებად ჩავთვალოთ ისინი თუ მეგობრებად? უნდა ვიცოდეთ, რომ მათი თავხედობა ამაზე არ შეჩერდება: თუ ჩვენ ამ ბოროტმოქმედებას უყურადღებოდ დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და, გულხელდაკრეფილნი რომ ვისხდებით, უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს. იმათ, ვინც ემორჩილება, ისინი, რა თქმა უნდა, უფრო თავხედურად ეპყრობიან და, ჩვეულებრივ, ქედმაღლურად უყურებენ მოსამსახურეებს. მეფეც  გაიძვერა ჰყავთ, რომელსაც ყოველთვის უხარია ცხოვრების პირობების არეულობა: და ეს ბოროტმოქმედება რომ ასე ერთბაშად იქმნა სისრულეში მოყვანილი, ცხადია, იმის წყალობით, რომ მეფე მხურვალედ მოუწოდებდა ამას, ხოლო სხვებმა ეს გულმოდგინედ შეასრულეს. მარტო ის კი არ არის, რომ მათ გაგვანადგურეს თუმცა ჩვენ არც უსამართლობა ჩაგვიდენია და არც რაიმე მტრობა ყოფილა ჩვენს შორის, არამედ, რა ჩვეულებაც წინათ ჰქონდათ, იმასვე მისდევენ, თითქოს ერთბაშად შეეპყრას ისინი სიმხეცეს, სიგიჟეს, სიძულვილს და ყველა სხვა ამგვარ მოვლენას. სპარსელები კი ასეთი ხასიათისანი არ არიან; ისინი შორს არიან ამისგან. თუ ვინმე გაიხადეს თავში მეგობრად, ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული; ხოლო მტრის მიმართ რისხვას განაგრძობენ მანამ, სანამ ის მტრად რჩება. მე ვინატროდი კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონოდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის ისე მშვიდობიანობის დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის, ან ბედის უკუღმართობის, ან ორივეს წყალობით ისეთს უძლურებაში ჩავვარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი გავხდით, მე ვფიქრობ, უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილის მსურველია, ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებისა და მოკავშირეთა მიმართ. ამრიგად, ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს ნამდვილ მტერზე, თუ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ დაუსჯელად იმ ჩადენილ ბოროტმოქმედებას და მივიღებთ საჭირო ზომებს, რომ უზრუნველი გავხადოთ ჩვენი მომავალი ცხოვრება. ზედმეტი და უშედეგო იქნება ის გაიძვერობა და ფლიდობა, რომელთაც ისინი მზაკვრული პირფერობითა და ხელოვნური მოპყრობით იყენებენ იმათ მიმართ, ვინც მათ დაენდო, და რომელთა საშუალებით ისინი უსამართლო საქციელს სჩადიან, და ისინი ვეღარ გამოიყენებენ იმათ ჩვენს წინააღმდეგ, თუ მტერთან საერთო აღარაფერი გვექნება და აშკარად გამოვეთიშებით მას. თუ ისინი სცდიან ჩვენთან შეომებას, მათ მოუხდებათ ბრძოლა ერთსა და იმავე დროს ლაზებთან და სპარსელებთან, ისიც მტრის მიწა-წყალზე, ესე იგი აქ, და ცხადია, მათ შემოტევას ვერ გაუძლებენ. აი, ეხლახან არ იყო, რომ მიდიელთა მცირეოდენ ჯარს შეებნენ მთელი თავისი ჯარით და მაშინვე სასირცხოდ გაიქცნენ ისე, რომ დღემდისაც კი არ მოუთქვამთ სული იმ რბენისაგან? ისინი, ასე ვთქვათ, ყველაფერში დამარცხდნენ; მხოლოდ სისწრაფით აჯობეს დამდევნებლებს.

ამის ცხად და აშკარა მიზეზად შეგვეძლო ჩაგვეთვალა მათი სილაჩრე და ის, რომ შეუფერებელ გეგმებს ადგენენ. ეს ცუდი თვისებები ხომ ახასიათებს მათ, როგორც ჭეშმარიტად მათი კუთვნილი და თითქოს თანდაყოლილი. გარდა ამისა ამ, ბუნებით თანდაყოლილ, ცუდ თვისებებს ემატება თავისი ნებით ჩადენილი ბოროტმოქმედება და უსამართლოდ სისხლის დაღვრის გამო უზენაეს მფარველობას მოკლებულებს უორკეცდებათ უბედურება. გამარჯვებას იარაღი კი არ განამტკიცებს ხოლმე, არამედ სათნოიანობა; მაგრამ არა მგონია ბოროტმოქმედი და სისხლში გასვრილი ადამიანები ოდესმე ეზიარონ ამ კეთილ საწყისს. ამრიგად, თუ ჩვენ გონიერად ვიმსჯელებთ, არ უნდა მივემხროთ იმათ, რომელთაც კარგად აზროვნების უნარი არ გააჩნიათ და რომელთაც ურისხდება ის, ვინც ყველაფრის განმგებელია. მაშასადამე, რომ სპარსელების მხარეზე გადასვლა ჩვენთვის ადვილი და სასარგებლოა და რომ ეს უზენაესსაც ესიამოვნება, ეს მტკიცდება საქმით და არა სიტყვით. ეს არ იქნება ჩვენი მხრით არც უსამართლო საქციელი, არც იმის მაჩვენებელი, თითქოს ჩვენ ვერაგნი გამოვდეგით. წინადაც ბევრჯერ მოუყენებიათ შეურაცხყოფა რომაელებს, მაგრამ ჩვენ საჭიროდ ვთვლიდით ძველ მდგომარეობაში დარჩენას: შეუფერებლად მიგვაჩნდა იოლი გადადგომა იმ სხვადასხვა მიზეზთა გამო რომელნიც თუმცა საშინელნი იყვნენ, მაგრამ მაინც მოსათმენნი და არც თუ ძალიან აუტანელნი. მაგრამ, ჩემის აზრით, არ შეეფერება გონიერ ადამიანებს, რომ ჩვენ სრულის მოდრეკით ავიტანოთ უდიდესი ვნებანი და აუნაზღაურებელი ზარალი, რომელთაც ჩვენ გვაყენებენ, და არაფრით არ შევებრძოლოთ ამ უწმინდურ და შეუფერებელ საქმეებს: ეს უფრო შეეფერება მხდალ და ლაჩარ ადამიანებს, რომლებიც თავისი უქნარობით სახელმწიფო საქმეებისადმი დაუდევრობას ამტკიცებენ. რაც შეეხება ამ უკანასკნელ მკვლელობას, არ მგონია სხვაგან სადმე მომხდარიყოს მაგაზე უფრო დიდი უბედურება, ან რომ მომხდარიყო, ასე იოლად ჩაევლო. ამიტომ არც ჩვენ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ ეს საქმე: სასირცხო იქნება, თუ ჩვენ მეფეს დავივიწყებთ და მის მკვლელებს პირფერობას დავუწყებთ. ის რომ ეხლა აქ იყოს, საყვედურით აგვავსებდა და დაგვძრახავდა ჩვენი დაუდევრობის გამო, რომ ეს ბოროტმოქმედნი, იმის მაგიერ რომ დიდი ხნის წინათ ყოფილიყვნენ გაძევებულნი, ჯერ კიდევ დაიარებიან ამ მიწა-წყალზე. მაგრამ ვინაიდან ამიერიდან ის ვეღარ გამოჩნდება ჩვენ შორის და ვერც სიტყვით მოგვმართავს, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ ეს კაცი: დე ის წარმოუდგეს თქვენს გონებას, თითქოს ის ამ კრებაზე იყოს და მიგითითებდეს თქვენ თავის ჭრილობაზე, მკერდზე და კისერზე, და თვისტომთ თხოვდეს ეხლა მაინც გადაუხადონ მტერს სამაგიერო. მერმე, რომელი თქვენგანი დაუჭერს მხარს იმათ, რომელნიც ყოყმანობენ და კიდეც მსჯელობენ იმის შესახებ, სამართლიანია თუ არა კოლხების მხრით გუბაზის გლოვა? თუ ჩვენ შეუფერებლად მივიჩნევთ რომაელებისაგან გადადგომას და შევშინდებით, სიფრთხილე გვმართებს, რომ ამ ბოროტმოქმედების მონაწილეებად არ ჩაგვთვალონ, ვინაიდან დაუდევრობას ვიჩენთ და მიცვალებულის სისხლის აღებას ვაყოვნებთ; რომ მხოლოდ სიცოცხლეში ვეპყრობოდით მას სიყვარულით და სიკვდილის შემდეგ აღარც კი გვახსოვს, ამით უფრო მტკიცდება ჩვენი ორგულობა. თუ საქმეები კარგად მიდის, დიდი უგუნურება იქნება ძველ, ნაცად წესებს ვუღალატოთ; ხოლო როდესაც პირიქითაა, ვფიქრობ, უაზრობა იქნება, თუ ჩვენ, რაც შეიძლება მალე, არ შევეგუებით ახლად შექმნილ მდგომარეობას. სიმტკიცე გონიერების თვალსაზრისით უნდა გავსინჯოთ: არსებული მდგომარეობის მოთმენა ყოველთვის კი არ არის საქები, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც მას გონიერი მოსაზრებები ახლავს თან. მაგრამ როდესაც ისე ხდება, რომ უგულებელყოფენ იმას, რაც უნდა ახსოვდეთ, ხოლო აკეთებენ იმას, რაც შეუფერებელია, მაშინ უფრო გასაკიცხავია ის, ვინც ძველ ვითარებას მისდევს, ვიდრე ის, ვინც ახალს ემხრობა. და, აი, ამას რომ შეიტყობენ ჩვენგან სპარსელები და გაიგებენ, ჯეროვანი სიყვარულით მოგვეპყრობიან და ჩვენთვის იბრძოლებენ, ვინაიდან ისინი კაცთმოყვარენი და გულკეთილნი არიან, და მეზობელთა ზრახვებსაც კარგად მიუხვდებიან ხოლმე; გარდა ამისა ჩვენი ნებაყოფლობითი მიმხრობით ისინი მოკავშირედ იძენენ უაღრესად გამოსადეგ ქვეყანას და მნიშვნელოვან ჯარს, რაც მათ ფულსა და ქონებას ურჩევნიათ. მაშ, სხვა ფიქრი რაღა საჭიროა, სასწრაფოდ შეუდეგით საქმეს და გამოამჟღავნეთ თქვენი გულის ნადები: რომ გავაკეთებთ იმას, რაც სწორი და სამართლიანია და რაც სარგებლობას მოგვიტანს, – ამით ჩვენ უდიდეს სახელს მოვიხვეჭთ.“

მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...