სიტყვა, თქმული ლაზი ელჩების მიერ სპარსეთის მეფის ხოსრო პირველის წინაშე

„თუ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგხვედრია ისეთები, რომელნიც რაღაცნაირად თავისიანთაგან გადამდგარან და სრულიად უცხო ხალხს მიჰკედლებიან – რასაც ადგილი არ უნდა ჰქონოდა – და კეთილად შეტრიალებულ ბედს ისინი კვლავ თავისიანებისთვის დაუბრუნებია უფრო მეტად დაკმაყოფილებულნი, – ირწმუნე, დიდებულო მეფე , რომ ასეთები ლაზებიც არიან. კოლხები  ხომ ძველითგანვე სპარსელების მოკავშირეები იყვნენ და ბევრი სიკეთე უყვეს მათ და თვითონაც განიცადეს მათგან: ამის წერილობითი საბუთები მრავალი გვაქვს ჩვენ და შენს სამეფო საგანძურებში ეხლაც არის დაცული, ხოლო შემდეგ ხანებში ჩვენს წინაპრებს მოუხდათ რომაელებთან კავშირის შეკვრა – მოხდა კი ეს ან თქვენი უზრუნველობით იმათზე, ან სხვა მიზეზის გამო (ჩვენ ამის შესახებ დანამდვილებით არაფერი ვიცით). ეხლა კი ჩვენ და ლაზიკის მეფე  გაძლევთ სპარსელებს უფლებას გამოგვიყენოთ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც თქვენ გსურთ, ხოლო გთხოვთ თქვენ განსაჯოთ ჩვენ შესახებ შემდეგნაირად: თუ ჩვენ რომაელებისაგან არავითარი უბედურება არ განგვიცდია, არამედ უვიცობით შეპყრობილნი გადმოვდივართ თქვენკენ, უმალვე უკუაგდეთ ჩვენი თხოვნა თქვენ, რომელნიც იფიქრებთ, რომ კოლხები არც თქვენი ერთგული იქნებიან ოდესმე (ვინაიდან დარღვეული მეგობრობის მაგალითი ამის შემდეგ სხვებთან დადგენილი მეგობრობის საზომად შეიქმნება). ხოლო თუ ჩვენ რომაელების მეგობრები ვიყავით სიტყვით, საქმით კი – ერთგული მონები, და ჩვენი მიმმძლავრებლებისაგან უწმინდური საქმეები განვიცადეთ, მიგვიღეთ ჩვენ, წინანდელი მოკავშირეები: გაიჩინეო მონებად ისინი, ვინც თქვენ მეგობრებად გყავდათ; შეიზიზღეთ მწარე მიმძლავრება, თქვენ მეზობლად რომ აღმართულა ჩვენზე, და თქვენ იქმთ სამართლიანობის ღირსეულ საქმეს, რომელზე ზრუნვაც მუდამ მამაპაპეული წესი იყო სპარსელებში უსამართლოდ არ მომქცევი ხომ არ ჩაითვლება სამართლიან ადამიანად, თუ ის სხვების მიერ ჩაგრულებს არ დაიცავს ხოლმე, როდესაც ეს მის ხელთ არის. საჭიროა ითქვას ზოგიერთი რამ, რაც ჩაიდინეს ჩვენ წინააღმდეგ წყეულმა რომაელებმა. ჩვენს მეფეს ხომ მეფობის მხოლოდ გარეგნული ნიშნები დაუტოვეს, ხოლო ძალაუფლება საქმეებში თვითონ მიითვისეს; მეფეც მოსამსახურის ბედში იმყოფება და განმკარგულებელი სტრატეგოსის  ეშინიან. უამრავი ჯარიც ჩაგვიყენეს, მაგრამ არა იმიტომ რომ დაიცვან ეს ჩვენი ქვეყანა შემწუხებელთაგან (მოსაზღვრეებიდან სხვა ხომ არავინ გვაწუხებდა ჩვენ, გარდა რომაელებისა), არამედ რათა დავემწყვდიეთ ჩვენ როგორც სადილეგოში და ჩვენს ქონებას დაჰპატრონებოდნენ. იმ აზრით რომ უფრო სწრაფად მოეხდინათ ჩვენი ქონების მითვისება, აი, მეფევ, რანაირ დასკვნამდე მივიდნენ: რაც კი საჭირო საგნებიდან მათთვის ზედმეტი აღმოჩნდება, მის ყიდვას აიძულებენ ლაზებს, მათი ნების წინააღმდეგ; ხოლო, რაც მათთვის საჭირო საგნებიდან ლაზიკეს შეუძლია მისცეს, ისინი ფიქრობენ, რასაკვირველია, მათ შესყიდვას ჩვენგან მხოლოდ სიტყვით, რადგან ფასი თვითეულ შემთხვევაში წესდება მმართველთა აზრისდა მიხედვით. ამნაირად, საჭირო საგნებთან ერთად ისინი გვართმევენ მთელ ოქროსაც, და უწოდებენ ამას ვაჭრობის კეთილშობილ სახელს, საქმით კი ისინი გვმძლავრობენ, რაც შეიძლება უფრო მეტად. ჩვენ გვიყენია მთავარი მეწვრილმალე, რომელიც ჩვენს სიღარიბეს, ძალაუფლების წყალობით, მოგების საშუალებად ხდის. აი, ასეთია მიზეზი ჩვენი განდგომისა და მისი გამართლება მასშივეა. იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც გექნებათ თქვენ ლაზთაგან, თუ მათ თხოვნას შეიწყნარებთ, ეხლავე მოგახსენებთ. სპარსელთა ძალას თქვენ შეჰმატებთ უძველეს სამეფოს და მისი საშუალებით თქვენი ჰეგემონიის ღირსება გადიდებული იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნის გზით რომაელთა ზღვას დაუკავშირდებით. აქ თუ ხომალდებს ააგებ, მეფევ, არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს, რომ ბიზანტიონის პალატს მიაღწიო. გზაზე ხომ არავითარი წინააღმდეგობა არ შეგხვდება. უნდა დაუმატოთ ისიც, რომ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომ მოსაზღვრე ბარბაროსებმა ყოველ წელიწადს არბიონ რომაელთა მიწა-წყალი. ყოველ შემთხვევაში თქვენ ალბათ იცით, რომ ლაზთა ქვეყანა  დღემდე კავკასიის მთების წინააღმდეგ საფარს წარმოადგენდა. მაშ, როდესაც სამართლიანობა გიკარნახებს, ხოლო სარგებლობა თვალსაჩინოა, ვფიქრობთ, მოკლებული იქნება ყოველგვარ გონიერებას, თუ ეს სიტყვები არ იქნება მიღებული.“

მთავარი

მთავარი

წინამდებარე ბლოგის ავტორია ნათია კენჭიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ა(ა)იპ - კლასიკური და თანამედროვე რიტორიკის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ...